10 ყოველდღიური მოქმედება, რომელიც დროის ეფექტურად გამოყენებაში მეხმარება

ჩემნაირი ადამიანისთვის, ვისაც მხოლოდ ერთი სამსახური და შესაბამისად ერთი ტიპის საქმის კეთება არ უწევს, თან არც ვინმე აკონტროლებს, თვითდისციპლინას და დროის სწორად გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. გიწევს შენს თავს თვითონ დაუდგინო დედლაინი, შეუდგინო სამუშაო გრაფიკი და აიძულო საკუთარი თავი, იმუშავო დისციპლინირებულად, მიუხედავად განწყობისა..

ქვემოთ მოცემული 10 მოქმედება მეხმარება დღის მანძილზე ვიყო 10-ჯერ უფრო პროდუქტიული და დისციპლინირებული, ვიდრე მანამდე ვიყავი, სანამ ამ წესების გამოყენებას დავიწყებდი:

  1. პირველ რიგში დღის მანძილზე გასაკეთებელი საქმეების ჩამოწერა– ყოველ დილას ვაკეთებ სიას თუ რა მაქვს დღის მანძილზე გასაკეთებელი, რომელია მათ შორის ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი.
  2. მათ შესასრულებლად კალენდარში დროის გამოყოფა და მხოლოდ ამ საკითხზე ფოკუსირება – თითოეული აქტივობისათვის ვსაზღვრავ დროს, რომელიც მჭირდება მის დასასრულებლად და კალენდარში ვინიშნავ როდის უნდა გაკავეთო.
  3. ყოველი აქტივობის გასწვრივ იმ პირველი მოქმედების მითითება, რომლითაც ამ აქტივობის განხორციელება უნდა დავიწყო– საქმეების გადადების ძირითადი მიზეზი როგორც წესი „საიდან დაიწყო“-ს არ ცოდნაა, განსაკუთრებით თუ საქმე დიდი მოცულობის დოკუმენტის ან მრავლმოქმედებიანი სამუშაოს შესრულებას ეხება. ამიტომ კალენდარში ყოველთვის ვუთითებ რითი უნდა დავიწყო ამ კონკრეტული საქმის კეთება.
  4. ერთდროულად მხოლოდ ერთი ტიპის საქმიანობაზე კონცენტრირება– ერთი ტიპის აქტივობიდან მეორე ტიპის აქტივობაზე გადართვა დროს მოითხოვს, შესაბამისაც ვცდილობ დღე ისე დავგეგმო, რომ ამ დღეს მხოლოდ ერთი ტიპის (მაგალითად: მხოლოდ წერა, მხოლოდ ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, მხოლოდ სხვისი დაწერილის გადახედვა და ა.შ.) საქმეები მქონდეს გასაკეთებელი.
  5. დილის საათებში, მაშინ როცა უფრო მეტად პროდუქტიული ვარ, ტელეფონის გამორთვა – საკუთარ თავზე დაკვირვებით დავადგინე, რომ დილის საათებში ბევრად უფრო პროდუქტიული ვარ, შესაბამისად ვცდილობ ეს დრო ეფექტურად გამოვიყენო და ტელეფონის ზარებში, სოციალურ ქსელში და უსაგნო შეტყობინებების კითხვაში არ დავკარგო. დღის მეორე ნახევარში კი როცა უფრო ტექნიკურ საკითხებზე გადავერთვები ხოლმე, ტელეფონი ჩართულია.
  6. პირველ რიგში რთული საქმეების გაკეთება– დღის ყველაზე პროდუქტიული ნაწილის მარტივი ამოცანებისთვის გამოყენება არც თუ ისე კარგი იდეაა, ამიტომ ვცდილობ დღის ეს მონაკვეთი ყველაზე მეტად რომ მეზარება და მიჭირს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რომ არის, ისეთ აქტივობას დავუთმო და მხოლოდ მისი დასრულების შემდეგ გადავიდე მარტივ საქმეებზე.
  7. მეილების დღეში ერთხელ, დღის მეორე ნახევარში შემოწმება– მეილების ხშირი შემოწმება და სხვა ადამიანთა თხოვნების თუ მოთხოვნების შესრულება, მათი დღის წესრიგით ცხოვრებას ნიშნავს. შესაბამისად მეილების დღის მეორე ნახევარში, დღეში მხოლოდ შემოწმება, მეხმარება ჩემი დღის წესრიგი მქონდეს და ძირითადად ჩემი პრიორიტეტებით ვიმოქმედო;
  8. შეხვედრების დღის მეორე ნახევარში დანიშვნა– მძულს შეხვედრები, განსაკუთრებით თუ შეხვედრაზე მეტი დრო საცობში უნდა დაიკარგოს, მაგრამ ზოგჯერ მათ გარეშე მუშაობას ვერ ვახერხებ. ამიტომაც ყველა შეხვედრას დღის მეორე ნახევარში ვნიშნავ, როცა უკვე ძირითადი საქმეები დასრულებული მაქვს და „არაფრის“ კეთების გამო სინდისი არ მაწუხებს.
  9. შეხვედრებს შორის ან/და ლოდინის დროის ე.წ. „2 წუთიან აქტივობებზე“ გამოყენება– ყველას გვაქვს ხოლმე სადღაც დასარეკი, მეილის პასუხი გასაგზავნი, მესიჯზე ან შეტყობინებაზე პასუხი გასაცემი, ე.წ. აქტივობები, რომელსაც 1-2 წუთი სჭირდება. ხოდა მეც ამ ყველაფერს ვაგროვებ და შეხვედრების ან შესვენების დროს ვაკეთებ, ამისათვის კალენდარში ცალკე დროის გამოყოფა რომ არ გახდეს საჭირო.
  10. დღის ბოლოს პროგრესის შეფასება, მეორე დღის უკეთესად დასაგეგმად– დღის მანძილზე რისი გაკეთება შევძელი და რისი ვერა, ამის ცოდნა მეხმარება მეორე დღის უკეთესად დასაგეგმად და დარჩენილი აქტივობებისთვის მეორე დღეს კონკრეტული დროის გამოსაყოფად. ამიტომაც დღის ბოლოს ჩემს დაწერილ სიას გადავხედავ ხოლმე და თუ რამე ვერ მოვასწარი, გვერდზე აუცილებლად ვუწერ რატომ მოხდა ასე – ვიზარმაცე, დრო ვერ გავთვალე თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა.

სცადე ამ მეთოდის გამოყენება პირველივე შესაძლებლობისთანავე, დღის ეფექტურად დასაგეგმად კი გამოიყენე ჩემს მიერ მომზადებული დღის დამგეგმავი და გამიზიარე შედეგები.

წარმატებები!!!